დვალი იაპონურ ვარიანტს არ ადასტურებს - ჩემს მენეჯერს კლუბები ესაუბრნენ #1TVSPORT
დვალი იაპონურ ვარიანტს არ ადასტურებს - ჩემს მენეჯერს კლუბები ესაუბრნენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი, ლაშა დვალი ევრო 2024-ის შემდეგ იაპონური კლუბის, „ურავა რედ დაიმონდსის“ სამიზნეში მოექცა, მაგრამ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან გაამხილა, რომ მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.

ჟურნალისტმა მარკო მოლამ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) პოსტში აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელით იაპონიის კლუბი ინტერესდება.

„ევრო 2024-ს შემდეგ კვიპროსული „აპოელის“ ცენტრალურის მცველის საბაზრო ღირებულება გაიზარდა, რადგან მან გერმანულ სტადიონებზე საქართველოს ნაკრებში ოთხივე თამაში ჩაატარა.

კვიპროსის ჩემპიონის 29 წლის მცველმა ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა ქართველების ისტორიულ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რასაც მათი ტურნრის 16 საუკეთესოს შორის მოხვედრაც დაემატა.

როგორც ჩანს, დვალის გამოსვლა იაპონელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, მაგრამ ეს ინტერესი გადაიქცევა თუ არა ოფიციალურ შეთავაზებად, ჯერ კიდევ გასარკვევია. ქართველს ლურჯ-ყვითელებთან კონტრაქტი ხომ 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს“, – წერს მარკო მოლა.

საქართველოს პირველმა არხმა კომენტარი ჩამოართვა ლაშა დვალს, რომლის საუბრიდანაც ირკვევა, რომ სხვა პრიორიტეტები აქვს.

„იაპონური კლუბი პირადად ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა. ეს კვიპროსელებმა მითხრეს. მე ახლა ვისვენებ, შემდეგ კი „აპოელზე“ დამჭირდება კონცენტრაცია, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და მინდა, რომ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში დავეხმარო.

სხვა საინტერესო ვარიანტებს რაც შეეხება, ევრო 2024-ის დროს ჩემი მენეჯერი გერმანიაში იყო ჩამოსული და რამდენიმე გუნდის და სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა. ისიც ფაქტია, რომ „აპოელიდან“ უფასოდ ვერ წავალ. რა იქნება, მალე გავიგებთ“, – გვითხრა ლაშა დვალმა.