დურანტის ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელები თვლიან, რომ კევინი მომავალი სეზონიდან ნიუ იორკში გადავა
გოლდენ სტეიტ ვორიორზმა პლეიოფის პირველი რაუნდი ლოს ანჯელეს კლიპერსს მოუგო (4-2) და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ჰიუსტონ როკეთსს დაუპირისპირდება. ამჟამად მოქმედი ჩემპიონი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტიტულის დაცვაზე ფიქრობს, თუმცა ვორიორზის ერთ-ერთ ლიდერ კევინ დურანტზე საუბრები არ ცხრება.
როგორც ცნობილია, კევინი მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და ბევრი მიიჩნევს, რომ ის პლიოფის დასრულების შემდეგ გოლდენ სტეიტს დატოვებს. კევინის ყოფილი თანაგუნდელები თვლიან, რომ დურანტი სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად სხვა გუნდში გადავა და ეს გუნდი, მათი აზრით, იქნება ნიუ იორკ ნიქსი.
ამის შესახებ ინფორმაციას ი ეს პი ენი (ESPN) ავრცელებს. წყაროს თქმით, მსგავს განცხადებებს გოლდენ სტეიტის ზოგიერთი მოქმედი კალათბურთელიც აკეთებს. თავად დურანტს თემასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ყველაფერს ნათელი ივლისში მოეფინება, როდესაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფი დასრულდება.