„დუნაისკა სტრედას“ მწვრთნელი - ქართველებთან ადრეც გაგვიჭირდა, „დილასთან“ რთულ მატჩს ველით #1TVSPORT
„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულიამ კონფერენსლიგაზე გორის „დილასთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის მზადებასა და მეტოქეზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ცვლილებები მოხდა. „დუნაისკა სტრედა“ 14-მა მოთამაშემ დატოვა და გუნდს 11 ახალწვეული ჰყავს.
„ვცდილობდით, ქართულ გუნდთან მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. ვიდეომასალისა და ინტერნეტში ინფორმაციის შეგროვების გარდა, გუნდის თამაშსაც დავესწარით. მიმაჩნია, რომ სასარგებლო ინფორმაცია გვაქვს, რომლის გამოყენებასაც მოედანზე შევეცდებით.
ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გაირკვევა. უსიამოვნო მეტოქესთან მოგვიწევს თამაში, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ.
დიდი ცვლილებების მიუხედავად, გუნდის ბირთვი უცვლელი დარჩა და ვარჯიშზე იმასაც ვხედავ, რომ ახალწვეულების ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს. ბოლო ორი მატჩში ცხრა გოლი გავიტანეთ და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს“, – განაცხადა სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
საინტერესოა, რომ „დუნაისკა სტერდასა“ და „დილას“ მატჩზე უეფა-მ არა ევროპელი, არამედ ავსტრალიელი არბიტრი, 36 წლის ჯარედ გაუან ჯილეტი მიავლინა, რომელიც ფიფა-ს სიაში 2013 წლიდანაა. მას ინგლისელი არბიტრები (კონსტანტინე ჰაზიდაკისი, დანიელ რიჩარდ კუკი, საიმონ ჰუპერი) დაეხმარებიან. ოთხივე მათგანი ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობს. უეფა-ს დელეგატია იტალიელი სცილა ჯენარო, ხოლო დამკვირვებელი – საბრი ჩელიკი თურქეთიდან.
შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი მეორე შესარჩევ ეტაპზე უკრაინულ პოლტავას „ვორსკლას“ შეხვდება, რომელიც საშინაო თამაშს პოლონეთის ქალაქ ტიჩის 15-ათასიან სტადიონზე გამართავს.