„დუნაისკა სტრედას“ მწვრთნელი - „დილას“ საკუთარი სტილი აქვს, მაგრამ შემდეგ რაუნდში უნდა გავიდეთ #1TVSPORT
„დუნაისკა სტრედას“ მწვრთნელი - „დილას“ საკუთარი სტილი აქვს, მაგრამ შემდეგ რაუნდში უნდა გავიდეთ #1TVSPORT

„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულიამ გორში „დილასთან“ კონფერენს ლიგაზე განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – სლოვაკი სპეციალისტის აზრით, პირველ საშინაო შეხვედრაში 2:1 მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაეხმარებათ.

„ორი კარგი გუნდის დაძაბულ მატჩს ველოდებით. „დილამ“ აჩვენა, რომ ბურთის კარგი კონტროლით თამაშის საკუთარი სტილი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ დაცვაში ბევრი შრომა მოგვიწევს, იქნება გამუდმებული პრესინგი და ასეთ დროს დაცვიდან თავდასხმაში გადასვლა მნიშვნელოვანია.

უნდა გამოვავლინოთ კომპაქტურობა, გუნდურობა და კლასი. ეს კონფერენს ლიგაა და მაქსიმალური პროდუქტიულობა უნდა ვაჩვენოთ. მჯერა, რომ ვიქნებით ძლიერები და ისე წავიყვანთ თამაშს, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში გავიდეთ.

კარგი ამბავია, რომ ჩვენი ნახევარდაცვის ბურჯი მიროსლავ კაჩერი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მან პირველი მატჩი ვერ დაასრულა, მაგრამ მხრის ტრავმის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად უკვე მზადა არის. მჯერა, რომ მირო დაგვეხმარება.

აქაური ამინდი მატჩზე გავლენას ხომ არ მოახდენს? აქაურ ამინდში ცუდი არაფერია. შუადღისას ცხელოდა, მაგრამ ჩვენ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ვითამაშებთ, რაც ინტენსიური ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური დროა“, – განაცხადა სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულიამ.