დღეს, 19 მაისს, ცნობილ ქართველ კალათბურთელ დუდუ დადიანს 51 წელი შეუსრულდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2002 წლის 22 იანვარს, სამსახურში მიმავალ დადიანს კალათბურთის ფედერაციის შენობაში ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს.
მან 90-იან წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა.
დუდუ დადიანმა აქტიურ სპორტს თავი 1999 წელს, 30 წლის ასაკში დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის პროგრამების ხელშეწყობის პროექტი განახორციელა. 2002 წლის საბედისწერო დღეს, 22 იანვარსაც სპორტის დეპარტამენტში მივიდა, რომ კალათბურთის ფედერაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა.
ტრაგედია შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 50 წუთზე მოხდა. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დეპარტამენტის შენობაში ესროლეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი დუდუ დადიანი სასწრაფო დახმარების მანქანით მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დუდუ დადიანის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ „დუდუ დადიანის თასი“ დააწესა. ქართველმა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ დუდუს ქანდაკება შექმნა, რომელშიც დუდუ თავისი უცვლელი 13-ნომრიანი მაისურითაა გამოსახული. სპორტული ჯილდოები, რომლებიც ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დაიმსახურა, დადიანების სახლ-მუზეუმს გადაეცა.