საქართველოს ნაკრები დღეს ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
ჩვენი ნაკრების წევრებმა დღევანდელ თამაშზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წინა მატჩში (შვეიცარიასთან) დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწორონ.
გიორგი შერმადინი: „პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ. მქონდა პატარა პრობლემა პირველ თამაშზე – კუნთების დაჭიმვა. თუმცა, ჩვენი ფიზიოების დახმარებით ყველაფერი კარგად არის. ბელგრადში ვივარჯიშეთ დღეს მეორე ვარჯიში. სერბეთი ძალიან კარგი გუნდია, ყველანი მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ჩვენ გავიარეთ მომზადება, მწვრთნელმა შესაბამისი მითითებები მოგვცა. ჩვენ მზად ვართ, რომ გამოვიდეთ და ვეთამაშოთ სერბეთის ნაკრებს.“
დუდა სანაძე: „ძნელი თამაში გველის სერბეთი ნაკრების წინააღმდეგ, ძალიან კარგი გუნდია. ჰყავთ ახალი მწვრთნელი და შეეცდებიან, რომ ყველაფერი 100 პროცენტით გააკეთონ. თან, საშინაო თამაში აქვთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. ჩვენი მიზანია, რომ წინა თამაშის შეცდომები გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ.“
თად მაკფადენი: „ჩვენ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. გამარჯვება, გამარჯვებაა. მიხარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა ბევრად, ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ.“