დუბლი და საგოლე პასი - მიქელთაძემ ავსტრალიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ავტრალიის „ა“ ლიგის მე-4 ტურში მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეთსმა“ შინ ველინგტონის „ფენიქსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა „ნიუკასლ ჯეთსის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოგებაში გადამწყვეტი როლი შეიტანა.
ანგარიში 32-ე წუთზე მიქელთაძემ გახსნა, რომელმაც ფლანგიდან „საბურთალოს“ ყოფილი შემტევის, ოლივიე ბუმალის გადაცემით იარგებლა. 52-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ხოლო მე-80 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და დანიელ პენიას გაატანინა.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი ჩინებულად დაიწყო – 4 ტურის შემდეგ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა კი 4 ტურში პირველად მოახერხა მოგება და 5 ქულით მეათედან მე-5 პოზიციაზე აინაცვლა.