დუბლი და ასისტი პაპუნაშვილისგან - ქართველმა აზერბაიჯანში საუკეთესო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-16 ტურში სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველის გუნდი „ქიაფაზი“ „გაბალას“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. აუტსაიდერების დაპირისპირების ბედი სწორედ ქართველმა შემტევმა გადაწყვიტა.
„ქიაფაზის” ფლაგებიდან ქართველები უტევდნენ – მათე კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მხოლოდ მატჩის ბოლოს შეცვალეს. პაპუნაშვილმა მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა, 70-ზე მისი გადაცემით ადამა ნიანემ გაიტანა, ხოლო 72-ზე ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა უკვე 3 გოლი გაიტანა.
ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახი“ „სუმგაითს“ ესტუმრა და 6:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მეკარე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. სამწუხაროდ, საკმაოდ გამოცდილ ქართველ კიპერს აზერბაიჯანული ფეხბურთის ლიდერ გუნდში მხოლოდ სათადარიგო როლში განიხილავენ.
16 ტურის შემდეგ „ქიაფაზმა“ 13 ქულა დააგროვა, „გაბალას“ (11) გადაასწრო და მე-9 ადგილზე დაწინაურდა, მე-8 ადგილოსან „თურანთან“ (16) კი ჩამორჩენა შეამცირა. გათამაშებას „ყარაბაღი“ (35) ლიდერობს.