დრეზდენის „დინამოში“ კორონავირუსით მეოთხე ფეხბურთელი დაინფიცირდა
დრეზდენის „დინამოში“ კორონავირუსით მეოთხე ფეხბურთელი დაინფიცირდა

დრეზდენის „დინამომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. დადებითი ტესტი ჩააბარეს ერთმა ფეხბურთელმა და კლუბის ერთმა თანამშრომელმა.

„დინამოში“ აღნიშნეს, რომ იზოლირებული იქნება მხოლოდ ეს ორი ინფიცირებული. კლუბის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის, სამი ფეხბურთელი, რომლებსაც ადრე დაუდგინდათ კორონავირუსი, შაბათს ჩაერთვებიან ჯგუფურ ვარჯიშებში.

ოთხ მაისს, „დინამოში“ კორონავირუსით პირველი მოთამაშე დაავადდა, 9 მაისს კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შემდეგ, მთელი გუნდი 14-დღიან კარანტინში გაუშვეს.

„დინამომ“ ვერ განაახლა სეზონი მეორე ბუნდესლიგაში – მისი მატჩი „ჰანოვერთან“ გადაიდო.