პირველად 2016 წლის შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ ვერ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. „ვორიორზმა“ სუპერფინალური სერიის რიგით მეექვსე შეხვედრა „ორაკლ არენაზე“ „ტორონტოსთან“ 4 ქულის სხვაობით წააგო (110:114) და სერია ანგარიშით 4:2 დათმო.
თავის მხრივ, „ტორონტო“ ისტორიის განმავლობაში პირველად დაეუფლა ლარი ო’ ბრაიენის თასს. სტივ კერის გუნდი ახალი 2019-2020 წლების სეზონის წინ უმძიმეს მდგომაროებაში აღმოჩნდა. კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი „ვორიორზს“ დიდი ხანი ვერ დაეხმარებიან. შესაძლოა, ორივე კალათბურთელს მთლიანი სეზონის გამოტოვება მოუხდეს. ამასთან ერთად, გაურკვეველია დემარკუს კაზენსის მომავალიც.
მიუხედავად ამისა, სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებენ. მატჩის შემდგომ ინტერვიუში სტეფმა და დრეიმონდმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „ვორიორზი“ მომავალში აუცილებლად დაბრუნდება და კვლავ ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი იქნება.
„ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის დასასრულია. თუმცა ეს ძალიან სულელური ნათქვამია. ჩვენი ბოლო ეს არ არის. წელს წავაგეთ, ეს არ იყო ჩვენი წელი. თუმცა მომავალში ჩვენ აუცილებლად ძალიან ძლიერები დავბრუნდებით“, – აღნიშნა გრინმა.