„გოლდენ სტეიტ ვორიორზში“ სუპერფინალური სერიის წაგების შემდეგ სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, რომელიც კაირი ირვინგთან ერთად „ბრუკლინ ნეთსში“ გადავიდა. სამაგიეროდ, სტივ კერის გუნდი დეანჯელო რასელით გაძლიერდა.
როგორც ამერიკული მედია, კერძოდ კი „იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, „ვორიორზმა“ დრეიმონდ გრინთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დროის განმავლობაში გრინი $100 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. მოგეხსენებათ, ოკლენდელთა ხელმძღვანელობამ შეძლო კლეი ტომპსონის შენარჩუნება.
ასე რომ, „გოლდენ სტეიტი“ მომავალ სეზონზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს და კვლავ ფავორიტთა შორის იქნება.