ფინალურ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ „ტორონტოს“ მეხუთე შეხვედრა მაინც მოუგო და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ბრძოლას განაგრძობს.
გამარჯვების მიუხედავად, „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის სერიის მეხუთე შეხვედრა დიდ უსიამოვნებასაც მოიცავდა. მეორე მეოთხედში მოედანზე ახლადდაბრუნებულმა კევინ დურანტმა მორიგი ტრავმა მიიღო. ეს მომენტი უსიამოვნო გამოდგა „ტორონტოს“ ცნობილი ფანისთვისაც. დრეიკმა საკუთარი წუხილი პარკეტზევე გამოხატა, შეხვედრის შემდეგ კი დურანტს გამამხნევებელი სიტყვებით ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მიმართა.
„ჩემთვისაც კი უმძიმესი სანახავი იყო შენი ტრავმა. ვლოცულობ შენთვის, ძმაო. დღეს ჩემი ერთადერთი საფიქრალი შენი ტრავმაა. ყველამ საუკეთესო ვუსურვოთ ნამდვილ მეომარს!“ – აღნიშნა დრეიკმა.