დრამატული შეხვედრა ვაკეში - „ტორპედომ“ გამარჯვება ფანებთან აღნიშნა
დრამატული შეხვედრა ვაკეში - „ტორპედომ“ გამარჯვება ფანებთან აღნიშნა
8 ყვითელი ბარათი, 1 წითელი, 2 გაფუჭებული პენალტი და ორი დებიუტანტის გოლი – ასეთი საფეხბურთო ომით დასრულდა „მიხეილ მესხი2“-ზე გამართული შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის. მატჩი, რომელიც ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
 
მე-8 ტურის ამ მატჩში ქუთაისელებს ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ფანცულაიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია და „ლოკომოტივი“ გადაარჩინა. თუმცა, ქუთაისელთა შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშემ, ფანცულაიამ თავისი საქმე მაინც გააკეთა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში გახსნა 0:1.
ამ დროისთვის „ლოკომოტივი“ მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი – 42-ე წუთზე თბილისელების კაპიტანმა დავით უბილავამ ზაზა ციცქიშვილთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ლოკომოტივი“ კაცნაკლული დატოვა.
ქუთაისელებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმშიც ისარგებლეს – 53-ე წუთზე, ჯარიმის შესრულების შემდეგ საჯარიმოში „ტორპედოს“ მცველი ლუკა ქაფიანიძე კარგად გაიხსნა და სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა – 0:2.
რიცხობრივი სიმცირისა და ანგარიშის მიუხედავად, „ლოკომოტივმა“ შეუტია და სხვაობა შეამცირა. 57-ე წუთზე, ნიდერლანდური პასპორტის მქონე 22 წლის მაროკოელმა ნახევარმცველმა, ულად-ომარ იმრანმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა შეამცირა – 1:2. აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივის“ ლეგიონერმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მასპინძლებმა მცდელობის მიუხედავად, ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს – საბოლოოდ, ქუთაისელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, 1:2 მოიგეს და გამარჯვება „ტორპედოს“ ფანებთან ერთად აღნიშნეს, რომლებიც სტადიონების გახსნის შემდეგ თბილისში ჩამოვიდნენ და გუნდს 90 წუთი ამხნევებდნენ.
8 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 8 ქულა დააგროვა და „სამტრედიას დაეწია, ხოლო „ლოკომოტივი“ 9 ქულით ისევ მეექვსე ადგილზეა.