დრამატული ბრძოლა და ეფექტური გამარჯვება - ბექაური მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
08:47, 28.07.2021
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი მოქმედი ევროპის ჩემპიონია.
ლაშა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ბექაურმა პირველი გაშვებული ვაზარის შემდეგ მობილიზება შეძლო და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით სძლია. შეგახსენებთ, რომ ლაშამ პირველ წრეში პოლონელი კუჩერა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში უზბეკ ბობონოვს დაუპირისპირდება.
1/16 ფინალი
ბექაური VS კუჩერა
ტურნირი ასევე ორი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა ნიკოლოზ შერაზადაშვილმაც. მეორე წრეში მან შვედი მარკუს ნიმანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში რუს იგოლნიკოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე, ჯერჯერობით, ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.
ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.