„დორტმუნდმა“ შრედერს კლუბის საპატიო წევრის ტიტული ჩამოართვა - გერმანიის ექსკანცლერს რუსეთთან კავშირები არ აპატიეს #1TVSPORT
დორტმუნდის „ბორუსიამ“ გერჰარდ შრედერს კლუბის საპატიო წევრის წოდება ჩამოართვა, – იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობის მიხედვით, დორტმუნდის „ბორუსიას“ პრეზიდენტმა, დოქტორმა რაინჰარდ რაუბალმა კლუბის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება გერმანიის ყოფილ კანცლერს პირად შეხვედრაზე აცნობა.
„რუსულ სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობების მქონე პირი არ შეიძლება დარჩეს „ბორუსიას“ საპატიო წევრად, მაშინ როცა რუსეთმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სერიოზულად არღვევს საერთაშორისო კანონებს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
გერმანიის ყოფილი კანცლერი შრედერი აგრძელებს „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობას – უკრაინის აგრესიის შემდეგ, Reuters-ის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გაავრცელეს.
გერჰარდ შრედერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლის 27 ოქტომბრიდან 2005 წლის 22 ნოემბრამდე. ცნობილია, როგორც პუტინის მეგობარი. იყო Nord Stream მილსადენის პროექტის ადვოკატი, რომელიც გეგმავდა რუსული გაზის მიწოდებას უშუალოდ გერმანიაში, ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით.
2005 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარმა შრედერმა ნაჩქარევად მოაწერა ხელი Nord Stream-ზე შეთანხმებას იმ დროს, როცა ის ტოვებდა კანცლერის პოსტს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ კენჭისყრით გაუშვეს. კანცლერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, შრედერმა მიიღო „გაზპრომის“ წინადადება Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე და თავად დაიწყო პროექტის განხორციელების ზედამხედველობა, რამაც გამოიწვია კითხვები ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შესახებ.
2017 წლის 29 სექტემბერს პეტერბურგში „როსნეფტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე გერჰარდ შრედერი ერთხმად აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. 2021 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ის პოსტზე ხელახლა აირჩიეს. იგი ასევე მუშაობს ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციის (CIC) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში.