„დორტმუნდის“ მცველს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება - მიზეზი ოჯახური ძალადობაა #1TVSPORT
გერმანულ ფეხბურთში გრანდიოზული სკანდალია: „დორტმუნდის“ 29 წლის მცველს ნიკო შულცს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
ორი გამოცემა – Bild და Ruhr Nachrichten წერენ, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ის ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, როცა ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა პოლიციაში განცხადება შეიტანა და შულცი ძალადობაში დაადანაშაულა. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს, რომ პროკურატურამ ფეხბურთელის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღო.
საქმის ყველაზე საშინელი დეტალი ის არის, რომ პროკურატურა ირწმუნება – შულცი ფიზიკური ძალადობით ფეხმძიმობის შეწყვეტას ცდილობდა. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ლაპარაკია 2020 წლის მარტის მოვლენებზე. ირკვევა, რომ ნიკო შულცმა მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, რამდენჯერმე მუცელში დაარტყა ფეხმძიმე შეყვარებულს. პროკურორს მიაჩნია, რომ ამ გზით ფეხბურთელი ფეხმძიმობის შეწყვეტის პროვოცირებას ცდილობდა.
დაზარალებული ამტკიცებს, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ნიკო ხშირად აგდებდა მას მიწაზე. განცხადებაში ჯამში მითითებულია შვიდი სხვადასხვა შემთხვევა, როცა შულცი უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებდა ფეხმძიმე გოგონას მიმართ.
დაზარალებულს მტკიცებულებები გააჩნია – ფოტოები ძალადობის ნიშნებით პირადი მიმოწერიდან. მაგალითად, გოგონა ფეხბურთელს უგზავნიდა ფოტოებს, რომლებზეც ძალადობის კვალი ჩანდა, შულცი კი პასუხად მხიარულ სელფის უგზავნიდა ვითომდა ნაღვლიანი გამომეტყველებითა და ტექსტით: „ვწუხვარ“.
გამოძიება სწორედ პირად მიმოწერებში ეძებს შულცის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
პროკურატურის ვერსიით, 2020 წლის იანვარში ნიკო ცემდა გოგონას, ახრჩობდა, თავში სარკეს ესროდა და მიწაზე დაათრევდა. მიმოწერისას ფეხბურთელი ბოდიშს იხდიდა მომხდარის გამო, მაგრამ ხაზს უსვამდა, რომ ეს შემთხვევები მისი შეყვარებულისგან იყო პროვოცირებული. მაგალითად, ერთ-ერთი ჩხუბის მიზეზად გოგონას მიერ გატეხილი ჭიქა სახელდება.
Ruhr Nachrichten-ის ინფორმაციით, პირად მიმოწერაში შულცის მუდმივი ბოდიშების გამო ამ ინციდენტების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მით უმეტეს, რომ კომპენსაციის სახით, ფეხბურთელი ყოფილ შეყვარებულს მსხვილ თანხებს უხდიდა.
„დორტმუნდი“ უკვე გამოვიდა განცხადებით. კლუბი ჯერ არ აპირებს რაიმე დისციპლინარული ზომების გატარებას და შულცთან შრომითი ხელშეკრულების გადახედვას, რადგან საქმე, ჯერჯერობით საწყის სტადიაშია. თავად მცველი ყველა ბრალდებას უარყოფს.