ესპანელმა ფეხბურთელმა პაკო ალკასერმა, რომელიც „ბარსელონას“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ იჯარით ჰყავდა გაშვებული, გერმანულ კლუბთან 2023 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რაშიც კატალონიურმა გრანდმა ბორუსიასგან 22.66 მილიონი ევრო მიიღო.
ალკასერი „ბორუსიაში“ მიმდინარე წლის აგვისტოში გადავიდა და რვა მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს საშუალოდ ყოველ 44 წუთში ერთხელ გაჰქონდა გოლი.
ამის გამო, თითქმის სამწლიანი შესვენების შემდეგ, ალკასერი ესპანეთის ნაკრებში კიდევ ერთხელ მიიწვიეს, სადაც ორ მატჩში (ინგლისისა და უელსის წინააღმდეგ) სამი გოლის გატანა შეძლო.