„დორტმუნდი“ 15 წლის ვუნდერკინდის პირველ გუნდში დაწინაურებას გეგმავს
„დორტმუნდის“ საფეხბურთო სკოლის ფორვარდ იუსუფა მუკოკოს, შესაძლოა, დებიუტი პირველ გუნდში უახლოეს სეზონში ჰქონდეს. გერმანულ კლუბში მიაჩნიათ, რომ 15 წლის ფეხბურთელს უკვე შეუძლია პირველი ბუნდესლიგის დონეზე თამაში.
„ჩვენ არ გვაქვს მიზნად რეკორდების დამხობა. იუსუფა – განსაკუთრებული ტალანტია და ამ წლის ბოლოსთვის, ის ახალგაზრდულ კატეგორიაში 120-130 გოლს დააგროვებს. აზრი აქვს იმას, რომ ეს ფეხბურთელი უმაღლეს კატეგორიაში გადავიყვანოთ“, – თქვა „დორტმუნდის“ ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორმა ლარს რიკენმა.
მუკოკომ „დორტმუნდის“ 17-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ 56 მატჩში 90 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონზე 19-წლამდელთა შემადგენლობაში 20 მატჩი და 34 გოლი დაუგროვდა.
დღეისათვის, ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია ნური შაჰინი – მან თავისი პირველი მატჩი გერმანიის მთავარ ლიგაში 16 წლის, 11 თვისა და ერთი დღის ასაკში ჩაატარა.
მუკოკო 20 ნოემბერს 16 წლის გახდება.