დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშეა - ვუნდერკინდმა „მილანს“ პენალტების სერია პირველად 16 წლისამ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშეა - ვუნდერკინდმა „მილანს“ პენალტების სერია პირველად 16 წლისამ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2020-ის ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ უეფა-მ ჯანლუიჯი დონარუმა აღიარა და სპეციალური პრიზი გადასცა.

 

ბავშვობა

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას უფროსი ძმა, ანტონიო 2005-2010 წლებში „მილანის“ ახალგაზრდული გუნდის მეკარე იყო. 2013 წლის აპრილში „მილანმა“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ კონკურენციაში გაიმარჯვა და „ნაპოლის“ საფეხბურთო აკადემიას ჯანლუიჯის საკუთარ აკადემიაში გადაყვანაზე შეუთანხმდა.

2015 წლის 22 თებერვალს, დონარუმა პირველად მოხვდა „მილანის“ მთავარი გუნდის განაცხადში სერია A-ს 24-ე ტურის საშინაო მატჩში „ჩეზენასთან“, როდესაც 15 წლისა იყო. 2015 წლის 31 მარტს დონარუმამ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „მილანთან“ და მისი დებიუტი იტალიის ჩემპიონატში 2015 წლის 25 ოქტომბერს „სასუოლოსთან“ მატჩში (2:1) შედგა, როდესაც 16 წლის იყო.

 

ვუნდერკინდი

იგი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა და ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი მოხსნა. იმავე სეზონში, მიუხედავად მცირე ასაკისა, „მილანის“ მთავარი მეკარე გახდა და დიეგო ლოპესი შეავიწროვა. 2015/2016 სეზონის „მილანში“ იტალიის სუპერთასი მოიგო. ტურინის „იუვენტუსთან“ ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავი თამაში აჩვენა. სხვათა შორის, ევრო 2020-ის ფინალში პენალტების მოგერიება შემთხვევითი არ იყო – ტურინელებთან სუპერფინალში გუნდს თასის აღებაში პენალტების სერიაში კარგი თამაშით დაეხმარა, როდესაც პაულო დიბალას დარტყმა აიღო.

2016/17 წლების სეზონში ის გახდა „მილანის“ ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ყველა, 41 მატჩი შეუცვლელად ითამაშა. მათ შორის, სერია A-ს 38 ტური, იტალიის თასის 2 შეხვედრა და იტალიის სუპერთასის მატჩი. 2017 წლის 11 ივლისს, დონარუმამ „მილანთან“ გააფორმა კონტრაქტი 2021 წლამდე, ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იყო. 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, დონარუმამ „მილანთან“ ახალი კონტრაქტი აღარ გააფორმა და „პარი-სენ-ჟერმენში“ ჩაირიცხა.

 

კარიერა ეროვნულ ნაკრებში

ჯიჯომ 2015 წელს 17-წლამდელთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ითამაშა, სადაც იტალიამ მეოთხედფინალში გააღწია. 2016 წლის აგვისტოში იგი მიიწვიეს იტალიის მთავარ ნაკრებში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბოლო 105 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრებში გამოიძახეს. მან სადებიუტო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა – შესვენების დროს შეცვალა „სკუადრა აძურას“ მეკარე და კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი.

2021 წლის 26 ივნისს, იგი გახდა რეკორდული სერიის ავტორი საერთაშორისო ტურნირებზე ნაკრებში გაუშვებული გოლების სერიით – 2020-2021 წლებში უგოლოდ 1168 წუთი ითამაშა. წინა რეკორდი ასევე იტალიის ეროვნულ გუნდს ჰქონდა, ხოლო მისი ავტორი იყო დინო ძოფი, რომელმაც იტალიის კარი მშრალად 1972-1974 წლებში 1142 წუთი შეინახა.

 

ევრო 2020-ის საუკეთესო

2021 წლის 11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დონარუმა ტურნირის ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ჯგუფურ ეტაპზე მან გოლი არ გაუშვა; მერვედფინალში ავსტრიელებმა და მეოთხედფინალში ბელგიელებმა დონარუმმას კარში თითო გოლი გაიტანეს; ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ (ძირითადი დრო – 1:1), იტალიამ მოიგო პენალტების სერიაში, სადაც დონარუმამ ალვარო მორატას გადამწყვეტი დარტყმა აიღო.

ევრო 2020-ის ფინალში, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა ინგლისს პენალტების სერიაში აჯობა და გახდა ტურნირის გამარჯვებული. მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 1:1. დამატებით ტაიმებში გუნდებს არ გაუტანიათ, პენალტების სერიაში კი 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ ორი დარტყმა მოიგერია, ხოლო მარკუს რეშფორდმა ბურთი ძელს მოარტყა.

საინტერესო სტატისტიკა: იტალიის ნაკრების მეკარე​ დონარუმამ კარიერაში მეხუთედ ითამაშა შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც პენალტების სერიით გამოვლინდა და ხუთივეში მოგება მის გუნდს დარჩა.

 

ჯანლუიჯი დონარუმა 

მეტსახელი – ჯიჯო

დაიბადა კასტემარე დე სტაბიაში 1999 წლის 25 თებერვალი (22 წლის)

სიმაღლე 198 სმ

წონა 89 კგ

 

ახალგაზრდული კლუბები

2003-2013 ნაპოლი

2013-2015 მილანი

 

საკლუბო კარიერა

2015-2021 მილანი 215 (−227)

2021- პარი სენ-ჟერმენი

 

ეროვნული გუნდი

2014 იტალია U15 4 (−6)

2014 იტალია U16 3 (−4)

2014-2015 იტალია U17 10 (−7)

2016-2017 იტალია U21 7 (−7)

2016 იტალია ეროვნული 32 (−15)

 

ჯილდოები

ევროპის ჩემპიონი 2020

 

პირადი ჯილდოები

ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშე