დონალდ ტუსკმა უარი თქვა ზელენსკის შეთავაზებაზე, მთავრობის წევრები საზღვარზე შეხვედროდნენ - მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინის დახმარება გვსურს, სოლიდარობის ახალი ჟესტები საჭირო არ არის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე, რომ უკრაინისა და პოლონეთის მთავრობის წევრები ორი ქვეყნის საზღვარზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.
უკრაინის პრეზიდენტი ასეთი შეხვედრის გამართვის ინიციატივით 21 თებერვალს გამოვიდა. ზელენსკის აზრით, ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობდა პოლონელი ფერმერების პროტესტის გამო საზღვარზე შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას.
ტუსკის განცხადებით, საზღვარზე სამთავრობათაშორისო შეხვედრა მხოლოდ სიმბოლური ხასიათის იქნებოდა. მისივე თქმით, ამის ნაცვლად, უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ფერმერების პროტესტთან დაკავშირებულ საკითხებს 28 მარტს ვარშავაში განიხილავენ.
„უკრაინული მხარე ხვდება, რომ, სიმბოლური შეხვედრის ნაცვლად, უკეთესი იქნება ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებების გამართვა. ჩვენ ხომ არ გვჭირდება სიმბოლიზმი ურთიერთობებში. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინის დახმარება გვსურს და სოლიდარობის ახალი ჟესტები საჭირო არ არის. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული წინადადებები ბაზრისა და სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ. ამას კეთილი ნება არ სჭირდება, ამას სჭირდება მძიმე სამუშაოს გაწევა“, – განაცხადა ტუსკმა.
როგორც პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, პოლონეთის მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ პუტინის მომხრეებმა პოლონელი ფერმერების პროტესტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ამ განცხადებით პოლონეთის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე ფერმერების საპროტესტო აქციებზე გამოჩნდა პლაკატი, რომელზეც აქტივისტები დახმარებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვდნენ.
ამასთან ერთად, ტუსკმა განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა ევროკავშირის დონეზეც და ის 23 თებერვალს აპირებს ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას. მოლაპარაკებები უკრაინასთან ვაჭრობის პირობებს შეეხება.
„უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესებში განსხვავებები გვაქვს. ჩვენ ვეცდებით, დავარწმუნოთ კიევი და ბრიუსელიც დაეთანხმოს პოლონეთის მოსაზრებას. უკვე დიდი ხანია, ვამბობთ, რომ პოლონეთი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის აგრარული პროდუქციის მწარმოებლები. ჩვენ გამოვედით გაფრთხილებით იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინასთან ვაჭრობის ლიბერალიზაციას უკავშირდება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, 20 თებერვალს პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით წამოიწყეს და უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტები დაბლოკეს. აქტივისტები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტის შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ვერ უწევენ კონკურენციას უკრაინიდან შემოტანილ იაფ პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
უკრაინიდან ევროკავშირში პროდუქციის იმპორტზე ტარიფები ევროკომისიამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო და კიევისადმი სოლიდარობის ნიშნად გააუქმა. ამჟამად ევროკომისია უკრაინისთვის დაწესებული შეღავათების კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობს.