დონალდ ტუსკი - ტერიტორიული დათმობების საკითხში არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოახდინოს ზელენსკიზე ზეწოლა, ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს აგრესია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ არავინ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს. მისი თქმით, ზეწოლა უნდა განხორციელდეს აგრესორ ქვეყანაზე.
„ტერიტორიული დათმობების საკითხში არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოახდინოს ზელენსკიზე ზეწოლა. ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს აგრესია. [აგრესორის] დამშვიდება არასდროს ყოფილა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა“, – წერს ტუსკი X-ზე.
მანამდე „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს. როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა.