დონალდ ტუსკი – პოლონეთი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს, მომავალი თვეები რუსეთის მხრიდან ინტენსიური მოქმედებების პერიოდი იქნება, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხოს

21:55, 13.09.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაცია პოლონეთის საზღვარს სულ უფრო უახლოვდება. ტუსკმა გაზრდილი საფრთხის განსახილველად შეხვედრა გამართა პოლონეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან.

„რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, როგორც საკუთარი, ჩვენი სამსახურების მეშვეობით, ასევე მოკავშირე ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისგან. მათ შორის, ბოლო დღეებში ინფორმაცია პირადად მეც მომაწოდეს შესაძლო მიმდინარე ესკალაციის შესახებ. როგორც იცით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმა ან მათი ფუნქციონირების პარალიზების მცდელობა პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს, რადგან, მისი თქმით, მომავალი კვირები და თვეები რუსეთის მხრიდან ინტენსიური მოქმედებების პერიოდი იქნება.

„სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. იმედი მაქვს, ყველაზე ცუდი სცენარი არ გამართლდება“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის პოლონეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე ობიექტზე. მათ შორის, ვოლინის ოლქში, იაგოდინის რკინიგზის სადგურზე დაზიანდა კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივი. ლოკომოტივის გარდა, იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურიც დაზიანდა. „სუსპილნეს“ ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მატარებელზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებლის ეკიპაჟმა დრონის შესახებ გაფრთხილება მიიღო და მგზავრების ევაკუაცია მოახდინა.

უკრაინის სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, ლოკომოტივზე დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე სადგურ იაგოდინზე იმყოფებოდა დიპლომატიური მატარებელი, რომლითაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები და ევროპელი ყოფილი ლიდერები მგზავრობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ისინი YES-ის („იალტის ევროპული სტრატეგია“) ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კიევიდან ბრუნდებოდნენ.

მსგავსი