დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები ოქტომბერში გაიმართოს

21:25, 13.09.2026

აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს. ამის შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დიახ, ჩვენ ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ. ჩვენ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, სავარაუდოდ საუბარია ოქტომბერზე. ოქტომბერი არ უნდა გამოირიცხოს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, BRICS-ის სამიტზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებას აქტიურად სთავაზობდნენ. გარდა ამისა, მედიის ცნობით, განიხილებოდა აბუ-დაბიში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაც.

მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. სააგენტო „ინტერფაქს უკრაინასთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სამმხრივ ფორმატში შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო, მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინს შეხვედროდა, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრებოდა. თუმცა, დიმიტრი პესკოვმა ეს შესაძლებლობა უარყო და მას „შეუძლებელი“ უწოდა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის სხვა, ალტერნატიულ ადგილს, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ მოსკოვში შეხვდეს.

მსგავსი