დონალდ ტრამპმა „ვორლდ ვრესტლინგ ინთერთეიმენთის“ თანადამფუძნებელი ლინდა მაკმაჰონი განათლების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა
დონალდ ტრამპმა „ვორლდ ვრესტლინგ ინთერთეიმენთის“ (ბრძოლა წესების გარეშე) თანადამფუძნებელი ლინდა მაკმაჰონი განათლების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.
ტრამპის ხანგრძლივი მოკავშირე მაკმაჰონი ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას ხელმძღვანელობდა მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას და მილიონობით დოლარი შესწირა რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიას.
სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ მაკმაჰონი „გამოიყენებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ლიდერობის გამოცდილებას და როგორც განათლების, ასევე ბიზნესის სფეროს ღრმა ცოდნასა და გაგებას, რათა გააძლიეროს ამერიკელი სტუდენტებისა და დასაქმებულთა მომავალი თაობა“.
ტრამპის თქმით, მაკმაჰონი „უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება განათლების შტატებისთვის დაბრუნებისკენ“.
„ბიბისის“ ცნობით, მანამდე ტრამპმა განათლების დეპარტამენტის დახურვის პირობა დადო.
როგორც „ბიბისი“ წერს, მაკმაჰონი დასახელებულია გასულ თვეს „ვორლდ ვრესტლინგ ინთერთეიმენთის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.
სარჩელში ნათქვამია, რომ მან, მისმა მეუღლემ და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებმა შეგნებულად დაუშვეს შოუს წამყვანის მიერ ახალგაზრდა ბიჭების შევიწროება. მაკმაჰონები უარყოფენ დანაშაულს.