დონალდ ტრამპმა ტრიბუნებზე მაყურებლების დაბრუნება აგვისტოში ან სექტემბერში ივარაუდა
დონალდ ტრამპმა ტრიბუნებზე მაყურებლების დაბრუნება აგვისტოში ან სექტემბერში ივარაუდა

შაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის 12 მთავარი სპორტული ლიგის კომისრებთან ტელეკონფერენცია გამართა  და მათთან ერთად განიხილა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია, – იტყობინება ESPN.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაბრუნებას აგვისტოში ან სექტემბერში უნდა ელოდონ. სწორედ მაშინ, ტრადიციულად, სტარტი უნდა აიღოს ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ახალმა სეზონმა. რაც შეეხება ვირუსის გამო შეჩერებულ ტურნირებს, ამ მხრივ, ჯერ არანაირი სიცხადე არ არის.

NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმა კონფერენციისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიულმა ლიგებმა პირველებმა შეაჩერეს მუშაობა კორონავირუსის გამო, ამიტომაც პირველებს სურთ მოღვაწეობის გაგრძელება, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამის ნებას დართავენ.

NBA-მ სეზონი კორონავირუსის გამო 11 მარტს შეაჩერა, NHL-მ – მომდევნო დღეს.

არის ლაპარაკი იმაზე, რომ NBA-მ მთლიანი პლეი ოფი ერთ ქალაქში, კერძოდ, ლას ვეგასში ჩაატაროს, ჰოკეიში კი გეგმავენ ივნისიდან მოყოლებული სეზონის დარჩენილი ნაწილის მთლიანად ჩატარებას.