დონალდ ტრამპმა კოლბი კოვინგტონს გამარჯვება მიულოცა - „ვამაყობ შენით!“ (ვიდეო)
ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (Vegas 11) გაიმართა. ცენტრალური ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში ტაირონ ვუდლისა და კოლბი კოვინგტონს შორის ჩატარდა და ამ უკანასკნელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ვუდლიმ მეხუთე რაუნდში ნეკნის მოტეხილობა მიიღო და მსაჯმა ბრძოლა ნაადრევად გააჩერა. შედეგად, კოვინგტონმა კამარუ უსმანთან სატიტულო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლბის აქტიური გულშემატკივარია. მან ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ბრძოლის დასრულების შემდეგ კოვინგტონს ტელეფონზე დაურეკა და წარმატება პირადად მიულოცა.
„შენ დიდებული მებრძოლი ხარ. შენ ისე ადვილად აკეთებ ამ ყველაფერს, რომ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურები. გილოცავ, ამ ბრწყინვალე წარმატებას. მე შენი დიდი ფანი ვარ, ვამაყობ შენით“, – განუცხადა ტრამპმა კოვინგტონს.