ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ „დინამო თბილისი“ დომინიკ საიმონმა დატოვა და კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.
23 წლის ფრანგი ნახევარმცველი „პარდუბიცეში“ ჩაირიცხა, რომელიც ჩეხეთის პირველ (მთავარ) ლიგაში თამაშობს. Საიმონი „დინამო თბილისში“ 2024 წლის იანვარში გადავიდა. მაშინ თბილისური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებული იყო, რომ მან დედაქალაქურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფრანგი ფეხბურთელი „დინამომ“ ცენტრალური ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ჩამოიყვანა. საიმონი „ობერვილერსის“ აღზრდილია. შემდეგ ესპანურ „ნავაროში“ ასპარეზობდა, საქართველოში ჩამოსვლამდე ორი წელი კი ესტონური „პაიდეს“ ღირსებას იცავდა, სადაც 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.
საიმონი პირველი არ არის, რომელმაც ზაფხულში „დინამო“ დატოვა: კვიპროსში წავიდა გიორგი ლორია, გიორგი მაისურაძე – უკრაინაში, საბერძნეთის სუპერლიგა 2-ში იჯარით გაუშვეს ახალგაზრდა შემტევი ნიკა სიხარულაშვილი, ხოლო ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე – გორის „დილაში“.