დომინიკ სობოსლაი უკრაინასთან შეხვედრაზე – მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT

08:57, 26.09.2026

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ, ასევე ფეხბურთელებმა – ბალაშ ტოტმა და დომინიკ სობოსლაიმ უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩში განცდილ მარცხზე (0:1) კომენტარი გააკეთეს.

მარკო როსი: „მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით. უკრაინამ გოლი პრაქტიკულად ერთადერთი რეალური მომენტიდან გაიტანა, მაშინ, როცა ჩვენს კართან სახიფათო მომენტები ჩვენივე შეცდომების გამო შეიქმნა. შეზღუდული საკადრო რესურსი გვაქვს, ამიტომ კონკრეტულ მატჩებში ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. ვერავინ იტყვის, რომ არ გვითამაშია და არ გვიბრძოლია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, უკრაინამ კი ეს შეძლო“.

ბალაშ ტოტი: „დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. მათ ერთი რეალური შანსი ჰქონდათ და გამოიყენეს. მთელი 90 წუთის განმავლობაში უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ გოლები უნდა გავიტანოთ. დაცვითი თვალსაზრისით კი, ასეთი მატჩები ისე უნდა მოვიგოთ, რომ გოლი არ გავუშვათ. აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, თუ სად დავუშვით შეცდომები. ამ იმედგაცრუებაზე დიდხანს ვერ შევჩერდებით – ორ დღეში კიდევ ერთი თამაში გველოდება და ჩვენი გუნდისთვის მისაღები შედეგი მხოლოდ სამი ქულა იქნება“.

დომინიკ სობოსლაი: „ფეხბურთი ასეთია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით – მთავარი გამარჯვებაა! ვამაყობ გუნდით, რადგან მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა დღეს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. წინ უნდა ვიაროთ! ასე უნდა გავაგრძელოთ და მაშინ იღბალიც ჩვენ მხარეს იქნება“.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს, ხოლო უკრაინა თბილისში საქართველოს ეწვევა.

მსგავსი