დომანტას საბონისმა NBA-ში ქულებით ლეგენდარულ მამას გაუსწრო #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა დომანტას საბონისმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კარიერის განმავლობაში დაგროვილი ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მამას არვიდას საბონისს გაუსწრო.
შაბათს, „ოკლაჰომასთან“ მოგებულ მატჩში (113:110), ლიეტუველმა ბიგმენმა 44 წუთში 24 ქულა, 18 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
25 წლის დომანტასს, რომელიც NBA-ში მეექვსე სეზონს ატარებს, კარიერაში 5 648 ქულა (398 მატჩი) დაუგროვდა და უკან ჩამოიტოვა სახელოვანი მამა (5 629).
არვიდას საბონისმა ლიგაში შვიდი სეზონის განმავლობაში 470 მატჩი ჩაატარა, ის „პორტლენდში“ საშუალოდ მატჩში 12.0 ქულას აგროვებდა.
ახლა, უმცროსი საბონისი NBA-ის ისტორიაში მესამე ბომბარდირია ლიეტუველებს შორის. მასზე წინ არიან – იონას ვალანჩუნასი (8 796 ქულა) და ჟიდრუნას ილგაუსკასი (10 976).