დმიტრო კულება - სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანა ორბანის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა
დმიტრო კულება - სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანა ორბანის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა

სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანა ორბანის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, – ამის შესაებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„იყო ერთი მარტივი მიზანი: ვიქტორ ორბანს უნდა ეჩვენებინა უნგრელებისა და უნგრეთისთვის, ასევე უნგრეთის გარეთ, რომ ის არის მათი ერთადერთი დამცველი. მთელი ეს ოპერაცია ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესებით განხორციელდა“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან გამოყვანა „არსებითად ფარული ოპერაციაა“, რომელშიც, არაოფიციალური ინფორმაციით, „უნგრეთის გარდა, სხვა მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ“.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, აკეთონ ის,რაც უნდათ. ფაქტობრივად, ეს არ არის ასე. ისინი კონტროლქვეშ არიან და ნათესავებთან შეხვედრებიც კი დოზირებულად აქვთ. კონსულსა და ელჩს მათთან სტუმრობის უფლება არ აქვთ, მიუხედავად ჩვენი დაჟინებული მოთხოვნისა, და ჩვენ ახლა ვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ მივიღოთ წვდომა ჩვენს მოქალაქეებთან და დავაბრუნოთ სახლში“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანილ პატიმრებთან უნგრეთი საუბრის საშუალებას არ აძლევს და უნგრული მხარე არ იწყებს კონსტრუქციულ დიალოგს კიევთან. ამავდროულად, ორბანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ტყვეების უნგრეთში გადაყვანამდე კიევს ამის შესახებ აცნობეს და ასევე შეატყობინეს, რომ უნგრეთში გადაყვანის შემდეგ აღნიშნული პირები აღარ იქნებოდნენ ტყვეები.