ჟულიო სეზარს კვარაცხელიასა და კაკას შედარება უადგილოდ მიაჩნია - კაკა სხვა სტილის მოთამაშე იყო #1TVSPORT
„ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჟულიო სეზარმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ თავის დროზე „ნაპოლიში“ მოხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. ბრაზილიელმა მეკარემ ხვიჩა კვარაცხელიასა და კაკას შედარება უადგილოდ მიიჩნია.
„დაახლოებით ათი წლის წინ, შეიძლებოდა „ნაპოლიში“ ჩავრიცხულიყავი, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. როდესაც „ინტერმა“ გუნდიდან ჩემი გაშვება გადაწყვიტა, აგენტთან ერთად „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შევხვდი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.
„ნაპოლის“ ბოლო წლებში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვებას ვერ ახერხებს. მომწონს გუნდი და, უპირველეს ყოვლისა, მათი გულშემატკივრები. ვნახოთ, რა მოხდება წელს, ნეაპოლელებს ამ სეზონში ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ შეუძლიათ სკუდეტოსთვის იბრძოლონ და გაიმარჯვონ. კვარაცახელიას რაც შეეხება, ჰგავს თუ არა კაკას? საერთოდ, შედარებები არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, რომ კაკა სხვა სტილის მოთამაშე იყო“ – აცხადებს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე.