ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონმა მიშელსა და ბორელს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოახსენა და ახლა შიდა განხილვები გაიმართება
ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონმა მიშელსა და ბორელს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოახსენა და ახლა შიდა განხილვები გაიმართება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონმა შარლ მიშელსა და ჟოზეფ ბორელს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოახსენა და ახლა შიდა განხილვები გაიმართება.

„31 მარტს პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის მედიაციის მეორე მისია საქართველოში დასრულდა შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გარეშე. არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ ყოფილა პოლიტიკური ნება, შეთანხმებულიყვნენ წარმოდგენილ კომპრომისულ შეთავაზებაზე. როგორც გასულ კვირაში რამდენჯერმე აღვნიშნეთ, ქართველ ლიდერებზე დამოკიდებული გამოწვევის მიღება და კომპრომისის მოძებნა. ეს კვლავ ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა იქნება შიდა განხილვა მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნაბილა მასრალიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.