ჟოზე მოურინიომ დელე ალი შემადგენლობას ჩამოაშორა - ფეხბურთელით პსჟ დაინტერესდა
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზედიზედ მეორე მატჩში არ შეიყვანა განაცხადში ლონდონური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი დელე ალი.
„საუთჰემპტონთან“ კვირის მატჩის წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ინგლისელის პოზიციაზე მას მდიდარი არჩევანი აქვს და ალი, უბრალოდ, სიტუაციის მსხვერპლია. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი განაწყენებული და დაბნეულია მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ასევე გაოგნებულები არიან მისი თანაგუნდელები, რადგან ბოლო წლებში ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
„ამაზონის“ მიერ „ტოტენჰემის“ შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ სერიაში მოხვდა კადრები, რომელშიც მოურინიომ პირად საუბარში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ალის სამუშაო ეთიკას.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალის პიროვნებით საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა. პარიზულმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისელი ფეხბურთელის თაობაზე და სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე იმედოვნებს გარიგების დასრულებას.
24 წლის დელე ალი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.