გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო შეფასება ამიერიდან 1,8 მილიონი ევროა – ასეთია გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ განახლებული რეიტინგი.
საფრანგეთში გაზრდილი 20 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა1-ის „მეცში“ დააწინაურეს, სადაც მისი დებიუტი 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ შედგა. „მეცმა“ 2019 წლის 10 დეკემბერს გიორგის ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.
2020 წლის ოქტომბერში გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო შეფასება 200 ათასი ევროდან 1,2 მილიონამდე გაიზარდა, რადგან 2020 წლის ზაფხულში იჯარით ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) „სერენში“ გადასულმა 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო 1-1 – „დეინცესა“ და „უნიონს“.
სეზონის ბოლოს გიორგი გახდა ბელგიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი, გაიტანა 19 გოლი დანტე ვანზეირთან ერთად. ამავე დროს, მისმა კლუბმა „სერენმა“ მეორე ადგილი დაიკავა. მთავარ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მიქაუტაძემ „ვასლანდ ბევერენთან“ ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა 6:2 (1:1, 2:5). საბოლოოდ, სეზონი 24 მატჩში 22 გოლით დაასრულა და ლიგის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.
იჯარით დაბრუნებულმა ფეხბურთელმა „მეცში“ ლიგა 1-ის პირველ ტურში წუთები ითამაშა, მაგრამ მალე ისევ „სერენში“ იჯარით დაბრუნდა და ახალი შოუ დაიწყო – გიორგიმ 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატის ბოლო, მე-10 ტურში „სერენის“ ქართველმა თავდამსხმელმა „ზულტე ვარეგემთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო სპორტულმა პორტალმა „სოფა სქორმა“ 10-ბალიანი სისტემით 9,2 ქულა დაუწერა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ განახლებული ფასიც მიქაუტაძის წარმატებული დაბრუნების შედეგია.
ლიონში დაბადებული მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შვედეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შედგა. სულ ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.