ჟოან ლაპორტა სუპერლიგაზე - პროექტი ცოცხალია, უეფა-ს ბოდიშს არ მოვუხდით #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კატალონური კლუბი აგრძელებს ევროპის სუპერლიგის ჩავარდნილი პროექტის მხარდაჭერას და არ მოუხდის უეფა-ს ბოდიშს.
„პროექტი ცოცხალია – მე ამას კატეგორიულად ვაცხადებ. ჩვენ ისევ ვცდილობთ უეფა-სთან დიალოგის დაწყებას. და არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას ტურნირის ორგანიზების მცდელობის გამო. არ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ უეფა-ს იმისთვის, რომ გვსურს საკუთარი ბედის პატრონები ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ პრეზიდენტი ვარ.
უეფა დაგვემუქრა ჯარიმებითა და ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვით. დრომ დაამტკიცა ჩვენი სიმართლე. დღეს მათ შეაჩერეს დისციპლინარული პროცესი და დაგვარეგისტრირეს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის. ინგლისური კლუბები იყვნენ სუპერლიგის მამოძრავებელი ძალა და მათ შეეშინდათ უეფა-ს მხრიდან ზეწოლის. ვფიქრობ, ისინი ნანობენ პროექტიდან გასვლას მას შემდეგ, რაც უეფა-მ თავის მუქარაზე უარი თქვა.
ჩვენ ვაკეთებთ ამას იმიტომ, რომ გვიყვარს ფეხბურთი და იმიტომ, რომ დღეს ფეხბურთი რთულ სიტუაციაშია. ახალგაზრდა ადამიანებს სანახაობრივი მატჩები ურჩევნიათ და აუდიტორია ეცემა, ამიტომაც ფული სულ უფრო ცოტაა. გვინდა, რომ ეს იყოს ყველაზე სანახაობრივი ტურნირი მსოფლიოში. ვიწვევთ უეფა-სა და ლიგებს ამაზე სალაპარაკოდ“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები ESPN-ს.
12 დამფუძნებელი კლუბიდან ცხრამ დატოვა პროექტი. ამ მომენტისთვის უარი არ უთქვამთ მხოლოდ „ბარსელონას“, „რეალსა“ და „იუვენტუსს“.