„ჟილინას” ახალგაზრდა თავდამსხმელი - იმედია, გოლებით საქართველოშიც ვისიამოვნებთ #1TVSPORT
სლოვაკური „ჟილინას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი დავიდ დურიში, რომელმაც გორის „დილას“ „კონფერენს ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ორი გოლი გაუტანა, იმედოვნებს, რომ მისი თანაგუნდელები 15 ივლისის განმეორებით შეხვედრაშიც სიამოვნებას მიიღებენ.
დევიდ დურიში „ჟილინას“ აკადემიის აღზრდილია. 22 წლის ასაკში კლუბის საკვანძო მოთამაშე გახდა, რაც გორის „დილასთან“ ჩატარებული შესანიშნავი თამაშითაც დაადასტურა.
„მოდით, მეორე თამაშით ყველამ ერთად მივიღოთ სიამოვნება. როდესაც ჩვენ კარგად ვთამაშობთ, ერთმანეთს წინსვლაში ვეხმარებით და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ყურადღება ევროსარბიელზე მაქვს გადატანილი. დიახ, ჩვენ „კონფერენს ლიგაზე“ გამოსვლა კარგად დავიწყეთ. მჯერა, რომ საქართველოშიც ასევე გავაგრძელებთ და პროგრესს დავინახავთ. ევროპული მატჩები ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა,“ – ამბობს დავიდ დურიში.
ფეხბურთელმა თავი ჯერ კიდევ გასულ ორ სეზონში გამოიჩინა – დურიშმა გუნდის ფორმით 66 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 19 გოლი და 6 საგოლე პასი ჩაიწერა.
პირველ შეხვედრაში, რომელიც სლოვაკეთში გაიმართა „ჟილინამ“ გორის „დილა“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი დღეს, 15 ივლისს, 21:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.