ჟილ სიმონმა რაფაელ ნადალსა და დოპინგზე ილაპარაკა
ჟილ სიმონმა რაფაელ ნადალსა და დოპინგზე ილაპარაკა

ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟილ სიმონმა კომენტარი გაუკეთა ესპანელი რაფაელ ნადალის მისამართით ბრალდებას, თითქოს ის კარიერის განმავლობაში დოპინგს იყენებდა.

ავტობიოგრაფიაში, რომელსაც ჰქვია „სპორტი, რომელიც ჭკუიდან გვშლის“, სიმონმა დაწერა, რომ იმ პერიოდში, როცა რაფამ როჯერ ფედერერის რეგულარულად დამარცხება დაიწყო, პროფესიულ ტურში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ესპანელი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა.

„რა თქმა უნდა, მე არაფერი მქონდა ფედერერის საწინააღმდეგო. თქვენ მხოლოდ წიგნის რჩეულ ნაწილებს კითხულობდით, რომელსაც მედია ბეჭდავდა და ყველაფერი არასწორად აღიქვით. ამაშია მთელი პრობლემა – თუ თქვენ წაიკითხავთ ავტობიოგრაფიას ბოლომდე, არ დაგრჩებათ არასწორი შეგრძნება. როგორც ბევრი, მე ვაღმერთებ როჯერ ფედერერს, არ ინერვიულოთ.

დოპინგში ბრალდებაც – ასევე გაუგებრობაა. ეს არის ფედერერის გმირად შერაცხვის მაგალითი. ის იდეალური ჩანდა, მიუღწეველი. და როცა ნადალმა ფედერერის ხშირად დამარცხება დაიწყო, ლოგიკურ ვარაუდად ჩანდა: „ის, ალბათ, დოპინგზეა!” ეს იყო ერთადერთი ახსნა, სხვა არ მიიღებოდა“, – თქვა სიმონმა შვეიცარიულ გამოცემა „ბილიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

35 წლის ჟილ სიმონი ორჯერ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. მას ერთხელ მიუღია მონაწილეობა წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია.

რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი 40-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს კორტზე და ესპანელი ლიდერობს – 24:16.

2008-10 წლებში, რაფამ და როჯერმა რვა დიდი ტურნირის ფინალში ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და ნადალმა ექვსი მოიგო, მათ შორის, ხუთი ზედიზედ.