შვეიცარული „იანგ ბოიზის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდო სეოანემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
სეოანემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.
„მათ წინააღმდეგ იდეალური თამაშის ჩატარებაა საჭირო. რონალდუ? ვწუხვართ, რომ მოედანზე ვერ ვიხილავთ, მაგრამ ის თუ არ ითამაშებს, მოედანზე სხვა ჩემპიონები გავლენ. „მანჩესტერთან“ სხვა თამაში იყო. ახლა ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ, რაც სულ სხვა რეალობაა. ყველა შემთხვევაში იდეალურად უნდა ვითამაშოთ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და მზად ვიყოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში“, – ამბობს სეოანე.
კომენტარი გააკეთა სტივ ვონ ბერგენმაც, რომელსაც თავის დროზე იტალიაში, „ჩეზენას“, „პალერმოსა“ და „ჯენოას“ ღირსება დაუცავს:
„იუვენტუსი იტალიის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაზეც იშვიათად მარცხდება. თუმცა, ჩვენ აქ ვიმყოფებით იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაცა ჩვენც შეგვიძლია, როგორც ეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გავაკეთეთ“, – დასძინა ვონ ბერგენმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „იანგ ბოიზის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.