ჟერარ პიკე კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
ჟერარ პიკე კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი ჟერარ პიკე კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ქალაქ მაჰადაონდას სასამართლომ ექსფეხბურთელის 89 საბანკო ანგარიშის შესახებ მონაცემები მოითხოვა, – წერს La Vanguardia.

პიკეს ანგარიშების გარდა, შემოწმებული იქნება მისი 27 კომპანია. არსებობს ეჭვი, რომ ყოფილ მცველს კორუფციული გარიგებები ჰქონდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. პიკეს მფლობელობაში მყოფი კომპანია Kosmos-ი შუამავალი იყო საუდის არაბეთისთვის ესპანეთის სუპერთასის ორგანიზების უფლების მინიჭების საქმეში.

ესპანეთისა და საუდის არაბეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებებისას სწორედ ამ საშუამავლო მომსახურებისთვის პიკეს კომპანიამ საკომისიო თანხა მიიღო სპორტულ კომპანია SELA-სგან. გამოძიების შეფასებით, ამ უკანონო საკომისიოების ოდენობა იყო ოთხი მილიონი ევრო წელიწადში.

გამოძიების მიზანია, დაადგინოს, ურიცხავდა თუ არა პიკე თანხებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს ან ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებს მოლაპარაკებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ჩატარდა ჩხრეკა, რომელიც უკავშირდებოდა საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ჩატარების გარიგებაში კორუფციასა და ფულის გათეთრებას. განიხილება სხვადასხვა კონტრაქტი, რომლებიც ხელმოწერილია 2018-23 წლებში, მათ შორის, ხელშეკრულება საუდის არაბეთთან. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა 10-ზე მეტ სახლში, რომელთა შორის იყო რუბიალესის სახლი გრანადაში. სულ დააკავეს შვიდი ადამიანი.