დისციპლინარების მკაცრი ვერდიქტი - ბათუმის „დინამოს პრეზიდენტი“ ფეხბურთს ორი წლით ჩამოაშორეს, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტს მომდევნო სამ მატჩზე დასწრება აეკრძალა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტების თაობაზე იმსჯელეს. მთავარი ისაა, რომ ბათუმის „დინამოს პრეზიდენტი არჩილ ბერიძე მსაჯების შეურაცხყოფისთვის ფეხბურთს ორი წელი ჩამოაშორეს, გორის „დილა“ და ფოთის „კოლხეთი“ საშინაო არენებზე უმაყურებლოდ ითამაშებენ, ხოლო თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას სამ შეხვედრაზე სტადიონზე შესვლა აეკრძალა:
„სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა 2024 წლის 18 მაისს, ეროვნული ლიგის ეგიდით, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.
კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის, გორის „დილას“ გულშემატკივრის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მოხვდა მატჩის მომსახურე არბიტრს და მიიჩნია, რომ მასპინძელმა გუნდმა ვერ მოახერხა შეჯიბრის დებულების მიხედვით უსაფრთხოების დაცვა. ამას გარდა, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და ადმინისტრატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯთა ბრიგადას.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გორის „დილა“ ორ მომდევნო საშინამო მატჩს გამართავს მაყურებლის გარეშე და დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 2,800 ლარის ოდენობით;
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტს რომან ფიფიას დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1,200 ლარის ოდენობით და აეკრძალა მომდევნო სამ მატჩზე დასწრება; თბილისის „დინამოს“ ადმინისტრატორებს, ბესიკ ბერაძეს და შალვა მელაძეს, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 600 ლარის ოდენობით და ორ-ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელს ჯოშუა აკპუჯეს მეტოქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დაისაჯა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით.
ინციდენტით დასრულდა ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის 19 მაისის მატჩიც. კომიტეტმა ასევე შეისწავლა მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.
„კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით: ბათუმის „დინამოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს, ვიქტორ გონსალვესს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით; ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით; გარდა ამისა, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათას ორასი ლარის ოდენობით;
დისციპლინარებმა ასევე იმსჯელეს 2024 წლის 10 მაისს, საქართველოს ეროვნული ლიგის ეგიდით, ფოთის „კოლხეთი 1913“-ისა და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მასპინძელმა ფოთის „კოლხეთმა“ ვერ უზრუნველყო სტადიონზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რამაც გამოიწვია მაყურებლების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სტადიონზე მყოფი ოფიციალური პირები საფრთხის ქვეშ დააყენა.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით: ფოთის „კოლხეთი 1913“ მომდევნო ორ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაჯარიმდება სამი ათას ხუთასი ლარით“.