დინო ჰამზიჩი - იმედი მაქვს, 2021 წელს „ტორპედო“ კარგ შედეგებს აჩვენებს
ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოში დინო ჰამზიჩი დააბრუნა – 33 წლის ბოსნია-ჰერცეგოვინელი მეკარე, რომელიც 2016-2020 წლებში „ჩიხურას“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდი 2017 წელს საქართველოს თასის გამარჯვებული რომ გახდა. დინომ „ჩიხურა“ 2020 წლის ზაფხულში დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც თავის პირველ კლუბში, სარაევოს „ოლიმპიკში“ თამაშობდა.
დინო ჰამზიჩმა „ტორპედოში“ უკვე ითამაშა – მარტვილის „მერანთან“ საკონტროლო შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ბოსნიელმა მეკარემ ახალ გუნდთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:
„მე უკვე საქართველოში ჩამოვედი და ქუთაისში გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე. სამედიცინო გამოკვლევა გავიარე, საკონტროლო შეხვედრაც ვითამაშე და იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ხელშეკრულებას გავაფორმებთ“.
გამოცდილი ბოსნიელი მეკარე ბოლოს სარაევოს „ოლიმპიაში“ გამოდიოდა, საიდანაც კი პოლონურ „ვიძევში“ აღმოჩნდა. მისი თქმით, „ტორპედოში“ საკმაოდ კარგი შემადგენლობა იკრიბება:
„გუნდში მწვრთნელებისგან ყურადღებას და ნდობას ვგრძნობ. 6 ახალი ფეხბურთელიც გვყავს და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონს კარგად ჩავატარებთ და 2021 წელს „ტორპედო“ კარგ შედეგებს აჩვენებს. ჩვენ ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ“.