დინო ჰამზიჩი ევროპალიგის მეტოქეზე - ყველაზე სასურველი გუნდია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ
დინო ჰამზიჩი ევროპალიგის მეტოქეზე - ყველაზე სასურველი გუნდია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ
„სავარაუდო ხუთი მეტოქიდან ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე ნამდვილად ყველაზე სასურველი იყო“ – ასე შეაფასა საჩხერის „ჩიხურას“ მეკარე დინო ჰამზიჩმა ევროპის ლიგის წილისყრის შედეგები.
 
„ჩიხურა“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ შეხვდება.
მეტოქის დონის მიუხედავად, საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე თვლის, რომ „ფოლა ეშის“ წინააღმდეგ გუნდმა შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს: „შესაძლო სიაში რომ ყველაზე სასურველი გუნდია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოდუნების შესაძლებლობა გვაქვს. ამაზე მათი კარგი თამაში და გამოცდილებაც მეტყველებს. წინა წელს მეორე ეტაპიდან გამოვარდნენ, ხოლო ორი წლის წინ მესამე ეტაპამდე მიაღწიეს. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა შევეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“.
ჰამზიჩის განწყობას მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ, რაც საჩხერელთა კომეენტარებიდანაც ჩანს. დ
„კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ, თუმცა იოლ გასეირინებას კი არა, რთულ შეხვედრებს ველით. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ვთვლი, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მჯერა, მოვახერხებთ და ფოლას ბარიერს დავძლევთ. ვისარგებლებ შემთხვევით და ევრო ასპარეზზე სხვა ქართულ კლუბებსაც წარმატებებს ვუსურვებ“ – ამბობს ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი.
მიხეილ სარდალიშვილი: „ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ მოლოდინები საკმაოდ კარგი გვაქვს, გვსურს, რომ დავძლიოთ პირველი ეტაპი და წარმატებულად გამოვიდეთ, რაც შეეხება მეტოქეს, ამ მომენტში მათზე დიდ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ფაქტია, როდესაც გუნდი ევრო ტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობს და სუსტი ვერ იქნება“.
ბესო დეკანოიძე: „არ ვთვლი, რომ მარტივი შეხვედრები გველოდება. პირიქით, მიმაჩნია, რომ ორი ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მაგრამ თავის დაზოგვას არ ვაპირებთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ“.
შეგახსენებთ, რომ „ჩიხურა“ „ფოლა ეშს“ პირველად სტუმრად, 11 ივლისს, ლუქსემბურგში სტადიონ „ემილ მაიშზე“ დაუპირისპირდება, ხოლო განმეორებით მატჩში თბილისში მეტოქეს 17 ივლისს „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს.
ამ ბარიერს თუ დაძლევენ, მეორე ეტაპზე „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ფინურ „როვანიემის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.