„დინამოში“ დაბრუნებულმა ცხადაძემ პირველი გამარჯვება იზეიმა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დაიწყო – პირველის მატჩი „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ შედგა, სადაც „სამტრედიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.
პირველ ტაიმში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ეს მხოლოდ „დინამომ“ მოახერხა. 24-ე წუთზე ანგარიში „დინამოს“ სერბი ლეგიონერების შეტევით გაიხსნა. ზორან მარუშიჩის საგოლე პასით მილან რადინმა ახლოდან თავით ზუსტად დაარტყა და სტუმართა გუნდი დააწინაურა 1:0.
42-ე წუთზე მარუშიჩმა მეკარესთან პირისპირ გიორგი გაბედავა დატოვა, მაგრამ მეკარე ქურდაძე კარიდან დროულად გამოვიდა და ვითარება განმუხტა. ბოლო წუთზე კი თბილისელებს გიგი იოსელიანმა შეუტია, მაგრამ მცველმა ბურთს ფეხი დააფარა და „დინამო“ ხიფათს გადაურჩა.
მე-80-ე წუთზე მარუშიჩის გადაცემით მეკარესთან პირისპირ თორნიკე ახვლედიანი დარჩა და სტუმართა უპირატესობა გაზარდა 2:0 და კახა ცხადაძემ „დინამოში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა .
პარალელურად მიმდინარეობდა შეხვედრა ფოთის „ფაზისი – არენაზე“, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ „საბურთალო“ მიიღო და შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულა.
17 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 35 ქულა დააგროვა და გადაასწრო ბათუმის „დინამოს“ (34), რომლესაც ტურის მატჩი „სამგურალთან“ გასამართი აქვს. „საბურთალო“ (28) მესამეა და „ლოკომოტივს“ (27) გადაასწრო, „შუქურა“ (16) მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო „სამტრედია“ (10) – მე-9 პოზიციაზე.