ბორის გონჩაროვი ამერიკაშია და ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის. „ჩიკაგო ფაიერის” საფეხბურთო სკოლაში სტაჟირებას გადის.
ეს თბილისის „დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა და გუნდის საფეხბურთო აკადემიის ყოფილმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხს უთხრა.
„ამერიკაში 2018 წელს წამოვედი და მას შემდეგ საფეხბურთო სტრუქტურაში ვარ. ახლა “„ჩიკაგო ფაიერში” პრაქტიკას გავდივარ და წესით, მაისში ან ივნისში გუნდთან კონტრაქტი უნდა გავაფორმო. იმედი მაქვს, ასაკობრივ გუნდში დამნიშნავენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გონჩაროვი.
მისი თქმით, ამერიკაში ფეხბურთის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ.
„ბევრისთვის ეს საფეხბურთო ქვეყანა არაა, რაც მოძველებული წარმოდგენაა. ახლა ფეხბურთის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ, რაშიც „ჩიკაგო ფაიერში” ყოფნისას დავრწმუნდი. იმდენად მაგარი ინფრასტრუქტურა, პირობები და რაც მთავარია, მიდგომები აქვთ, ბევრი ევროპული ქვეყნის აკადემია ვერ შეედრება. ამერიკაში ფეხბურთის ბუმია და მიხარია, პრაქტიკის გავლის საშუალება ერთ-ერთ გამორჩეული კლუბის აკადემიაში რომ მომეცა”, – ამბობს გონჩაროვი.
თბილისის „დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა „ავაზაში” (2009-2010 წლები) დაიწყო. იყო რუსთავის „მეტალურგისა” და ბათუმის „დინამოს” მთავარი მწვრთნელების ასისტენტი. თბილისის „დინამოს” აკადემიაში 2016-2018 წლებში მუშაობდა, სადაც 2003-წლიანების ნიჭიერ თაობას ავარჯიშებდა.
გონჩაროვის ხელმძღვანელობით გუნდმა მახაჩყალის საერთაშორისო ტურნირზე, „კასპიან ქაფზე” ითამაშა და საქართველოში მთავარი პრიზით დაბრუნდა. ამ გუნდის ლიდერი იყო ლუკა გაგნიძე, რომელიც „დინამოს” მთავარ გუნდში დააწინაურეს.