„დინამოს თბილისის“ აკადემიის მწვრთნელი - დარასელიას თასი ჩვენი მოზარდებისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიის მწვრთნელმა, ზურაბ ელიავამ კომენტარი გააკეთა ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყება და მასში „დინამო თბილისის“ 16-წლამდელთა გუნდი ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე თბილისელების მეტოქე „იუვენტუსი“ და „უოტფორდი“ იქნებიან.
„მოხარული ვარ ამ პროექტში მონაწილეობით. დარასელიას თასი უმნიშვნელოვანესი ტურნირია ჩვენი მოზარდებისთვის, რაც გასულ წლებში გამართულმა გათამაშებებმაც დაამტკიცა. აღარ ჩამოვთვლი დღევანდელ ვარსკვლავებს, რომლებსაც დარასელიას თასზე უთამაშიათ.
„დინამო თბილისი“ ემზადება აღნიშნული ტურნირისთვის, მით უმეტეს, რომ ბოლო გათამაშება სწორედ ჩვენი აკადემიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სასიხარულოა იმ გუნდების ჩამონათვალიც, რომლებთანაც მოგვიწევს დაპირისპირება. თითოეული ასეთი მატჩი უდიდესი გამოცდილებაა ჩვენთვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.
დარწმუნებული ვარ, დარასელიას თასი, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაივლის, ჩვენ კი საუკეთესო თვისებების ჩვენებას შევეცდებით. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ წელს ტურნირი პირველად ბუნებრივსაფრიან მოედნებზე გაიმართება. აქვე, მადლობა ორგანიზატორებს ამ ტრადიციული ტურნირის გვერდში დგომისთვის“.
დარასელიას თასი 23-28 აგვისტოს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზაზე გაიმართება.