„დინამოს“ სპორტული დირექტორი - „დინამოს“ პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამი იყო, ახლა ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა გვყავს #1TVSPORT
„დინამოს“ სპორტული დირექტორი - „დინამოს“ პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამი იყო, ახლა ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა გვყავს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი თბილისის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ალეკო რეხვიაშვილი იყო, რომელიც პოსტზე 6 თვის წინ დაინიშნა. მან გუნდის მოსამზადებელ ეტაპზე, დაკომპლექტებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:

„მთლიანობაში მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილები ვართ. შეკრება თბილისსა და თურქეთში გავიარეთ და შეკრება სამწვრთნელო სტაფმა ხარისხიანად ჩაატარა. იყო კარგი სპარინგ-მატჩები ძლიერ მეტოქეებთან. მთლიანად, კლუბი დიდი იმედით ხვდება ახალ სეზონს.

– კახა ცხადაძე ნანახით ძალაინ კმაყოფილია. პირადად მე ძალიან მახარებს ატმოსფერო, რომელიც გუნდში შეიქმნა. ახალწვეულები კარგად შეეგუენ გუნდელებს, ქართველებიც და ლეგიონერებიც. მათ ყველანაირი პირობები უნდა შევუქმანთ, რომ ადაპტაცია მალე გაიარონ. მიხარია, როგორ თბილად მიიღებს ბიჭებმა ახლები. კარგმა თამაშებმაც ეს მუხტი გააძლიერა.

– სატრანსფერო საკითხებს რაც შეეხება, ნოემბრისთვის ჩამოვყალიბდით და ფაქტობრივად, შვებულებამდე საინტერესო მოთამაშეების 90 პროცენტთან შეთანხმებული ვიყავით. წერტილოვანი გაძლიერება შევძელით და ყველა პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენციაა, შემადგენლობაში ადგილი კი გარანტირებული არავის აქვს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

– მოთამაშეს არ ვიმატებთ, თუ ამ პოზიციაზე არის სათანადო დონის აკადემიის აღზრდილი, ქართველი მოთამაშე ან საქართველოსთან ადაპტირებული ლეგიონერი. „დინამოს“ პრობლემა ის იყო, რომ სკამიდან გაძლიერება ვერ ხდებოდა. მოკლე სათადარიგო სკამი გვქონდა. ეს იყო პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში “და ამ კუთხით გავძლიერდით, რადგან წელს სამ ტურნირზე ვითამაშებთ და 11 კაცით ეს რთული იქნება. ახლა ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა გვყავს“.