ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ თბილისის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრამდე ჩრდილოეთ მაკედონიელი მოთამაშით, ფილიპ ნაიდოვსკით გაძლიერდა – ინფორმაციას „ტირანას“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „ტირანა“ ადასტურებს, რომ ფილიპ ნაიდოვსკი ჩვენი ფეხბურთელი გახდა. ბალკანელმა ნახევარმცველმა შეთანხმებას მიაღწია და ყველა საჭირო ტესტის გავლის შემდეგ „ტირანასთან“ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება“, – წერია კლუბის განცხადებაში.
27 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი ფილიპ ნაიდოვსკი ბოლოს „ვარდარში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მაგრამ კლუბმა ევროტურნირზე მონაწილეობის ლიცენზირება ვერ გაიარა და ნაიდოვსკიმ „ვარდარი“დატოვა. ის იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ეროვნულშიც იწვევენ, მაგრამ ნაციონალური გუნდის ფორმით შეხვედრა არ ჩაუტარებია.
ნაიდოვსკი ალბანელებს პოგრადეცში შეუერთდა, სადაც „ტირანა“ სეზონისთვის ემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ახალ ნახევარმცველს „ტირანაში“ სადებიუტო მატჩი „პოგრადეცთან“ ჰქონდა, რომელიც ალბანეთის ჩემპიონმა 3:0 მოიგო. გოლები გაიტანეს ერნესტ მუჩიმ (35, 45) და ალბიონ ადიჯეიმ (78). მაკედონიელი მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა.
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ 19 აგვისტოს უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება და გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.