„დინამოს“ ახალი ლეგიონერი გვატემალიდან - ოსკარ სანტისი თბილისურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
გვატემალელი თავდამსხმელი ოსკარ სანტისი საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო თბილისის“ ახალი მოთამაშეა, – ინფორმაციას გვატემალური საფეხბურთო გვერდი ავრცელებს.
ცნობის მიხედვით, ოსკარ სანტისის კლუბმა, გვატემალის „ანტიგუამ“ შეთავაზება უკვე მიიღო, ტრანსფერი კი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება. 24 წლის სანტისი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და გუნდს კონფერენსლიგაზე დაეხმარება.
ოსკარ სანტისი (დაიბადა 1999 წლის 25 მარტს) გვატემალის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრია.
მისი საერთაშორისო დებიუტი გვატემალის 20-წლამდელთა ნაკრებში შედგა. პირველი გოლი გაიტანა გაიანას 20-წლამდელთა საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ კონკაკაფის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში 2018 წელს გაიმართა.
2021 წლის 24 თებერვალს მისი დებიუტი შედგა გვატემალის საფეხბურთო ნაკრებში ნიკარაგუასთან ამხანაგურ მატჩში (1:0). 2021 წლის 4 ივნისს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სენტ ვინსენტთან (10:0) სანტისმა გაიტანა თავისი პირველი გოლი. სულ ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩში მის ანგარიშზე ცხრა გოლია.