გაზაფხულზე თბილისის ”დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელის – ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მესამედ გათამაშდება. საერთაშორისო ტურნირისთვის მალე თბილისელთა 15 წლამდელთა გუნდი მზადებას დაიწყებს.
თბილისის ”დინამოს” აკადემიის ინიციატივითა და ტაშკენტის ”ფახტაქორის” მიწვევით, 15-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, ვახტანგ იაგორაშვილი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც კლუბის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მთლიანად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში.
”4-14 იანვარს, ”ფახტაკორთან” ერთად თურქულ შეკრებაზე ვიმყოფებოდი. შოთა არველაძესთან ერთად საწვრთნელ პროცესში ვიყავი ჩართული, რაც ჩემთვის ცოდნისა და გამოცდილების მხრივ საკმაოდ დიდი ნაბიჯია. ყველაზე სასიამოვნო ის გახლდათ, რომ შოთა ამ გუნდში იგივეს საფეხბურთო ფილოსოფიას ნერგავს, რომელიც ჩვენს აკადემიაშია დამკვიდრებული – ეს დამყარებულია ბურთის კონტროლზე, მაღალ ტემპში პრესინგზე და თამაშის მაღალ რიტმზე. ჩემთვის ასევე ყურადსაღები იყო რამდენიმე სპეციფიკური ვარჯიშის, უფრო მარტივი და გამართული შესრულება. ”ფახტაქორი” საფეხბურთო აკადემიის დაფუძნების პროცესშია და ამ მხრივაც მოხდა აზრებისა და გამოცდილების გაზიარება. ერთი სიტყვით, საკმაოდ ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა და ამისთვის მადლობა ”დინამოს”, ”ფახტაქორს” და შოთა არველაძეს – ამბობს ვახტანგ იაგორაშვილი.