„დინამომ“ წააგო და შანსი გაანიავა - „დილამ“, ფაქტობრივად, ევროსაგზური გაინაღდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ „დილასთან“ შეხვედრა ვერ მოიგო და ბათუმის „დინამოსთან“ დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო „დილამ“, ფაქტობრივად, ევროსაგზური გაინაღდა.
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში კი გორელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. 47-ე წუთზე, უსმანე კამარას წამოწყებული შეტევა ირაკლი ბიძინაშვილმა განავითარა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ბიძინაშვილმა გოლი ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
ანგარიშის შეცვლის რეალური შანსი ჰქონდათ როგორც თბილისელებს (ოსეი ბარნსს), ასევე გორელებს (ირაკლი ბუღრიძეს და 2-ჯერ ფარნსისკო მადინგას),. მაგრამ მშვენიერი საგოლე შანსებით ვერც ერთმა ისარგებლა და საბოლოოდ, შეხვედრა გორელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
„დინამო თბილისი“ ისევ 63 ქულით დარჩა, მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ (68 ქულა) ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი გაანიავა და პირიქით, კიდევ უფრო ჩამორჩა. რაც შეეხება „დილას“ (59), კონკურენტებთან, „ლოკომოტივთან“ (51) და „საბურთალოსთან“ (50) უპირატესობა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ „დილამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ერთადერთი გუნდია, რომელმაც მეოთხე წრეში ყველა თამაში გამარჯვებით დაასრულა. ამ 3 ქულით ანდრეი დემჩენკოს გუნდმა „დინამო თბილისთან“ სხვაობაც 4 ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე გასვლის შანსიც აქვს.